შშმ პირთათვის
უკუკავშირი
ცხელი ხაზი 272 22 22

განცხადებები

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის განცხადება

სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია ჩუღურეთის რაიონში გამოცხადებული სარიტუალო მომსახურების ტენდერის შესახებ. სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ჯგუფი ცდილობს, აღნიშნული თემით გამგეობის და მთლიანად თბილისის მთავრობის საქმიანობის დისკრედიტაცია მოახდინოს.

პროგრამა, რომელიც თბილისის ყველა გამგეობაში არსებობს, მიზნად ისახავს უპატრონო მიცვალებულებისა და სოციალურად დაუცველ გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურებას. აღნიშნული პროგრამაც, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, საჭიროებს სატენდერო პროცედურებს და ვერც ერთი გამგეობა სარიტუალო მომსახურების დაფინანსებას წარმოქმნილი საჭიროების შემთხვევაში ვერ დააფინანსებს, თუ მომსახურე ორგანიზაციასთან კონტრაქტი წინასწარ არ იქნება გაფორმებული. შესაბამისად, ტენდერი მომსახურების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ტარდება. სატენდერო პროცედურების ჩატარებას არანაკლებ 20 დღე სჭირდება. ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ კი დახმარების საჭიროების მქონე გარდაცვლილის ოჯახის წევრი საგარანტიო წერილით მიდის აღნიშნულ კომპანიასთან, რომელიც შესაბამის მომსახურებას უწევს. 
სტატისტიკის თანახმად, ჩუღურეთის გამგეობა სარიტუალო მომსახურების გაწევით  ყოველ წელს, საშუალოდ, 100-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს  ეხმარება. გამგეობამ სარიტუალო მომსახურებისთვის ტენდერი მიმდინარე წლის მაისში გამოაცხდა, რომლის ღირებულებაც 25 439 ლარს შეადგენს.

ვფიქრობთ, ჩვენი თანაქალაქელების, განსაკუთრებით კი, სოციალურად დაუცველთა მხარდაჭერა თბილისის მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა. დედაქალაქის მერია და შესაბამისი გამგეობები სხვა არაერთ პროგრამას ახორციელებენ, რომელიც ამ ადამიანთა ჯანდაცვისა და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მხოლოდ 2015 წელს თბილისის მერიამ ჯანდაცვის სამი და სოციალური მომსახურების ხუთი ახალი პროგრამა დაიწყო. ჯამში, ჯანდაცვისა და სოცმომსახურების მიმართულებით თბილისის მერია და გამგეობები 100 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავენ. ამიტომაც, მოვუწოდებთ საზოგადოებას, ნუ გახდიან საქილიკოდ ნურცერთ იმ პროგრამას, რომელიც ამ ადამიანთა დახმარებას ისახავს მიზნად.

08 ივნისი 2015